მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო და ამასთან, აგვისტოს ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

„კითხვის ადრესატი არ ვარ, ომი ვინ დაიწყო და რა მოხდა. ამაზე კეთილი ინებონ და პასუხი იმ ადამიანებმა გასცენ, ვინც მთელ მსოფლიოს 7 აგვისტოს, გვიან ღამით დაბომბვის კადრები აჩვენა. კეთილი ინებონ და ერთხელ და სამუდამოდ მათ გასცენ პასუხი. ამაზე მე არ უნდა ვიდგე და რაღაც პასუხებს არ უნდა ვცემდე, ასე იყო თუ ისე. პასუხები გასცენ მათ, ვინც ეს კადრები მსოფლიოს აჩვენა, ვინც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე განცხადებები აკეთა, ვინც შეტევაზე, სოფლებისა თუ დაბების აღებაზე ილაპარაკა. გენშტაბის უფროსი საუბრობდა – რუსეთს რომ არ შემოესწრო, ჩვენი შეტევა სწრაფი უნდა ყოფილიყოო. მათ აგონ პასუხი და თქვან, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ მოვლენათა ეს ქრონოლოგია დაადასტურეს და თქვეს, ომი ჩვენ დავიწყეთო – მე-11 პუნქტში ოკუპანტ ქვეყანას ომის დანაშაულიც უღიარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არც ჰააგის და არც სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე, ვინ დაიწყო და დაამთავრა ომი.

„სტრასბურგის სასამართლო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სუბიექტებს იკვლევდა და მოვიგეთ – საქართველოს უფლებების დარღვევა არ დაუდასტურდა. მეორე კი ომის დანაშაულებს იკვლევდა, რაზეც „ნაცებმა“ თავის დროზე ხელი მოაწერეს, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ქართველი სამხედროები ამაშიც გავამართლეთ და ეს პროცესიც მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტალიავინის კომისიის დასკვნაში რაც ეწერა – აღწერილობით ისტორიულ სამოტივაციო ნაწილში, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ტალიავინის კომისიის მონაცემები გადავიდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვის ადრესატი თუ ვინ დაიწყო ომი, თავად არ არის, თუმცა აწუხებს კითხვები, თუ თავის დროზე რატომ მოაწერეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იმას, თითქოს ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

„დღეს ჩვენ გვისვამენ კითხვას – ომი ვინ დაიწყო, ამის ადრესატი მე არ ვარ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია, თუმცა პირადად მე მაწუხებს კითხვა, თუ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი. პირადად მე, საქართველოს ერთ მოქალაქეს მაწუხებს კითხვა – რატომ მოხდა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ – ამის გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ქართულმა მხარემ რომ ნაბიჯები გადადგა, როცა 7 აგვისტოს ღამეძ მთელ მსოფლიოს დაბომბვა აჩვენეს, პასუხი გასცენ, რას ბომბავდნენ? 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში რომ იძახდნენ, შეტევაზე ვართო, ამით რას აკეთებდნენ? შემდეგ რეზოლუციაში მხარი იმ მოცემულობას რომ დაუჭირეს – ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს? ეს გამოსაძიებელია, აბა რა. არ არის გამოსაძიებელი? მაინტერესებს, რატომ ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი ქმედებები და რა იყო ამის მოტივაცია. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და საკუთარ ქვეყანას რატომ უღალატა. ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შესაძლოა, კომისია სჭირდებოდა. სხვადასხვა მხრიდან კულისებში თუ ღიად ისმის ომის მოწოდებები, შეიძლება, მნიშვნელოვანიც იყოს დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები არ განიხილავდა ომის დაწყება-დამთავრებისა და მასთან დაკავშირებულ ქრონოლოგიების საკითხს. საერთაშორისო სასამართლოები უფლებების დარღვევის საქმესა და ომის დანაშაულების საქმეს განიხილავდა, სადაც საქართველომ გაიმარჯვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ეს ყველაფერი ბოლომდე რომ გაირკვეს, ამის საწინააღმდეგო პიარკამპანია წყალში ჩაეყრებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.