მამუკა მდინარაძე - „ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში
მამუკა მდინარაძე - „ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში

„ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყველა მექანიზმს გამოიყენებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, აბსოლუტური თავხედობაა.

„ეს იყო ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ვერავის მივცემთ უფლებას, განსაკუთრებით და მით უმეტეს, „ნაცმოძრაობას“, რომ განახორციელონ ისეთი მოქმედებები, რაც მიმართული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და იმისკენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც წილად მაინც ხელში ჩაიგდოს სასამართლო, მისი რომელიმე შტო. წლებია, ამაზე მიდის ინტენსიური მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, სასამართლოს დამოუკიდებლობაა. სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, რაც შეიძლება მარგინალიზაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გამოსდით. როგორც ფაქტებით, ასევე აღქმებით, ანუ, ყველა კვლევით სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე. არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტო და ის მუშაობს ძალიან კარგად. ბოლო კვლევები გვეუბნება, რომ 52 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის მიიჩნევს სასამართლოს დამოუკიდებლად. ეს არის მთავარი, შედეგია, რაღაცებით აპელირება და სპეკულაციები არის მეორეხარისხოვანი.

მთავარი და პირველხარისხოვანია, რომ შენ, საქართველოს მოქალაქეს, მინიმუმ, ცოტა მაინც უნდა გეწყინოს, როდესაც შენი ქვეყნის მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირებენ და შემდეგ იტყვიან, რომ ეს არ იყო სანქცია, იყო, უბრალოდ, სავიზო შეზღუდვა. თუ ოდნავ ვინმეს გააჩნია ეროვნული თავმოყვარეობა, გასაგებია, ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ასეთი ქმედების ავტორი, ის კი არ უნდა აკადროს საკუთარ თავს, ქვეყანას და ქართულ სასამართლოს, რომ, მოდი, ახლა გამოვიძიოთ რაღაც და ახლა შევქმნათ მტკიცებულებები. ეს ხომ არ მოუგონია ვინმეს, თავად თქვეს დღეს სხდომათა დარბაზში, ესეც იკადრეს, ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, რათა მათ, „ნაცმოძრაობამ“ ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან აბსოლუტური თავხედობაა. „ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში. არ ავცდებით რეგლამენტს, მაგრამ ყველანაირი კანონიერი, მორალურად სწორი და გამართული ნორმის დაცვით ჩვენ მათ არ შევაქმნევინებთ კომისიას და ეს „მათ“ არის „ნაცმოძრაობა“ და ამაშია საქმე, „ნაცმოძრაობა“ რომ ცდილობს, შექმნას საპარლამენტო კომისია სასამართლოზე, ამაზე დიდი პარადოქსი ალბათ ამ ბოლო დროს არ შეგვხვედრია და არ მოგვისმენია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.