მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიცია დარაზმულია, რომ ნიკა მელიამ თან თქვას, საშინელი ამნისტიააო და თან აუცილებლად უნდა შეეხოს
მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიცია დარაზმულია, რომ ნიკა მელიამ თან თქვას, საშინელი ამნისტიააო და თან აუცილებლად უნდა შეეხოს

მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ ნიკა მელიამ თან უნდა თქვას, საშინელი ამნისტიაა და თან აუცილებლად უნდა შეეხოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში მეორე გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ არის შეთანხმების მხარე და ამავდროულად, ითხოვს შეთანხმებაში მათთან დაკავშირებით რა, როგორ ჩაიდოს, აქტიურად არის ჩართული შეთანხმების რეალიზების გზების გადაწყვეტაში.

„დღეს გავიგე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს იპარავდნენ, სცემდნენ, ფარებს სტაცებდნენ, ორი-სამი საათის განმავლობაში აგინებდნენ, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის კითხვის შინაარსში. ბატონო ანრი, იქნებ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს რეალურად საქმე და ამას დავარქვათ თავისი სახელი, პრინციპზე დგას ერთი ადამიანი – ნიკა მელია, რომელსაც არ უნდა, რომ აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამნისტიის პროექტს, ამიტომ აფერხებს ეს ჩანაწერი. ამ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება და მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ თან ნიკა მელიამ უნდა თქვას, რომ ეს არის საშინელი ამნისტია და თან უნდა შეეხოს აუცილებლად.

საზოგადოებაში მეორე გაურკვევლობას იწვევს და ამასაც სჭირდება პასუხი – „ნაცმოძრაობა“ საერთოდ არ არის შეთანხმების მხარე, სადმე თუ გსმენიათ, რომ შეთანხმების მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, ფიზიკური, იურიდიული პირი და აქტიურად არის ჩართული შეთანხმების შესრულებისა და რეალიზების გზების გადაწყვეტაში, ითხოვს ისეთ რამეს, რაც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს მათ უწინარეს, უპირატეს უფლებად. თუ გსმენიათ სადმე ასეთი რამ, თან მხარე არ იყო და თან ითხოვდე, რომ ამ შეთანხმებაში ჩემთან დაკავშირებით ასე ჩაიდოსო.

მესამე, როგორც ჩანს, ვიღაცები ვერ არკვევენ ამ დარბაზში უკვე ვინ რას აწერს ხელს. გავრილოვის ჩამოყვანაზე ვინ მოაწერა ხელი თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით და ვისი მოწვევით იყო ჩამობრძანებული ის ვაჟბატონი აქ, იმ სავარძელში რომ ჩასკუპდა და მეორე, კოვალიოვი და სლუტსკი, ოკუპაციის კანონის დამრღვევები თან ვინ ჩამოიყვანა, როგორ აწყობდა და ვის მხარდასაჭერად, ძალიან გთხოვთ, ესეც კარგად გაიხსენოთ, როცა ამ თემაზე საუბრობთ ხოლმე, 2016 წელზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.