მამუკა მდინარაძე – მოგვიწევს გაცნობიერება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციური ლანდშაფტი, არამედ აგენტურა, რომელიც დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ეს არ უნდა დავუშვათ

14:54, 01.07.2026

მოგვიწევს გაცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს, რასაც, მდინარაძის თქმით, სავალალო შედეგები ჰქონდა.

„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა – ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავსა და საკუთარ ქვეყანაზე. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში შედეგი იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად. ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას; აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს თავისი გავლით მედიასაშუალებებს; აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები, „ფარას“ კანონის მიხედვით, და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის“ ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას. მეტი არავის არაფერი შესტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი. ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას – ამის გაცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ არ გვაქვს საქმე ოპოზიციასთან, უბრალოდ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი