მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარობის კანდიდატებს უფრო ადრე დავასახელებთ, ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ
მამუკა მდინარაძე - მაჟორიტარობის კანდიდატებს უფრო ადრე დავასახელებთ, ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ

უფრო მეტი კონსულტაცია გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რადგან მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ საზოგადოებისათვის, მათი ვინაობის გაცნობას, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს მიღებული პრაქტიკაა.

„ოპოზიციაც ცოტა ადეკვატური მარტო ამაშია, რომ უფრო მაჟორიტარებზე საუბრობენ და ჩვენც ასე მოვიქცევით. მაჟორიტარობის კანდიდატებს უფრო ადრე დავასახელებთ, ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ. ეს უახლოეს მომავალში შეიძლება, იყოს. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბოლომდე. უფრო შორეული პერსპექტივაა სიის ფორმირება. დაახლოებით ასე ზოგადად გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ არაფერი ჯერჯერობით კონკრეტული სიასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტული კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს კონსულტაციებიც კი ბოლომდე არ არის მისული. ჯერ ჩვენ გაგაცნობთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და შემდეგ უკვე, ერთი თვის განმავლობაში, გაგაცნობთ სიაში მოხვედრილი ადამიანების ვინაობას. სიაში იქნებიან ახალი სახეები და იქნებიან ძველი, გამოცდილი კადრებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სია, რომელიც ადეკვატური იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, საარჩევნო სიის სათავეში გიორგი გახარიას კანდიდატურა მისთვის რამდენად მისაღებია:

„მისაღებია და მე ვფიქრობ, ეს არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა, ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც კი, კარგი კრიზისის მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გვაქვს. აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.