მამუკა მდინარაძე - კიდევ ძალიან ბევრია, რაც შეიძლება, დავხვეწოთ, ავსახოთ რეგლამენტში და საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ
მამუკა მდინარაძე - კიდევ ძალიან ბევრია, რაც შეიძლება, დავხვეწოთ, ავსახოთ რეგლამენტში და საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ

ჩვენ რაც გავაკეთეთ საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში შესაძლოა, ამგვარი მექანიზმები არ იყოს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ მხრივ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

„წინ კიდევ ძალიან ბევრია, რაც შეიძლება, დავხვეწოთ და ავსახოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წლები ისე გადიოდა, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთი მინისტრი არ მიდიოდა. ახალი რეგლამენტის ამუშავების შემდეგ კი, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის მისვლამ პარლამენტში პერმანენტული ხასიათი მიიღო. 

„წლები ისე გადიოდა, ერთი-ორი მინისტრი თუ მოვიდოდა პარლამენტში. ახალი რეგლამენტის ამუშავების შემდეგ, ხედავთ, რომ კვირა არ გავა, რომელიმე მინისტრი თავისი ანგარიშით, სხვადასხვა ფორმატში – ინტერპელაციის წესით თუ მინისტრის საათის ფორმატში არ მოვიდეს პარლამენტში. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინტენსიური სიარული პარლამენტში. ჩვენმა ზოგიერთმა ოპონენტმა ბოლოს წაიკითხა და გამოიყენა თავისუფალი ტრიბუნა, სხვადასხვა ფორმატი. ეს უკვე გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ამის დახვეწას, ბუნებრივია, ამაზე უარს ვინ იტყვის? მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება ევროკომისიის რეკომენდაციით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ამაში ხედავენ საკუთარი პარტიის დასასრულს.

„რაც უნდა სუბიექტური იყოს რომელიმე პარტია, „ქართული ოცნება“ იქნება, „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“თუ სხვა, ამ სუბიექტივიზმშიც უნდა ვნახოთ ლოგიკა. ირაკლი კობახიძემ ამაზე ისაუბრა, სუბიექტურად „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან ეს ჩვენს პოზიციებს გაამაგრებს, ისედაც გაზრდილ რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის და სუბიექტურად „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს კანდიდატის სტატუსი, რადგან ისედაც დასუსტებული და პრაქტიკულად, განადგურებული პოლიტიკური ძალა უფრო განადგურდება, რადგან ისინი ამაში ხედავენ თავისი პარტიისა და სუბიექტური მიზნების დასასრულს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.