მამუკა მდინარაძე - ხელახალი არჩევნების საკითხი მმართველ გუნდში არც კი განიხილება
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღევანდელ განცხადებებში არ დაიცვეს თხოვნა, მათ შორის ფასილიტატორი ელჩების და თქვეს, რომ არ თანხმდებიან ხმების გადათვლას.
„თვითონვე გაახმოვანეს. ამიტომ, ჩვენ იძულებული გავხდით, ცალმხრივი რომ არ ყოფილიყო ინფორმაცია, მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რომ მართლაც, ჩვენ ასეთი საკითხი დავაყენეთ ოპოზიციის წინაშე, ელჩების თანდასწრებით.
ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ისინი მაინც წამოვლენ კონსტრუქციულ დიალოგზე, ქვეყნის ინტერესს დააყენებენ პირველ რიგში წინა პლანზე და სიმართლეს.
რაც შეეხება საკითხს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს გინდა თუ არა, ვეუბნები ჩვენს ამომრჩეველსა და ქართულ საზოგადოებას, ეს საკითხი მმართველ გუნდში არც კი განიხილება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი თარიღი შედიოდა იმ ვადაში, რომლის განმავლობაში ცესკო-მ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას იმის შესახებ, რომ გუშინდელმა თარიღმა რაღაც ჩაკეტა. კანონმდებლობის შესაბამისად, 19-მდე არის საერთო ვადა, როდესაც ცესკო-მ საბოლოო შედეგი არჩევნებთან დაკავშირებით უნდა გამოაცხადოს. ანუ პრაქტიკული განხორციელების საშუალება ამ ყველაფერის, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ხმების გადათვლის. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები რადგან ცოტათი გასაგებია, მაგრამ მაინც ცდება, გადავთვალოთ ყველა უბანი აბსოლუტურად, სადაც ოდნავი აცდენაც კი არის „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებთან, პარალელურ დათვლაზე მაქვს საუბარი. მათ თქვეს, რომ ეს მათ არ აწყობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.