მამუკა მდინარაძე - ხალხი არის ჩვენს მხარეს, ამის საფუძველი არის ერთი და მთავარი, მართლები ვართ და ეს სიმართლე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ურთულესი გასატანია
მამუკა მდინარაძე - ხალხი არის ჩვენს მხარეს, ამის საფუძველი არის ერთი და მთავარი, მართლები ვართ და ეს სიმართლე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ურთულესი გასატანია

გლობალურ „ომის პარტიაში“ აშშ და ევროკავშირი არ იგულისხმება. იგულისხმება თქვენი დავალებების მომცემები, რომელთა დავალებებს შეკამათების, შეპასუხების გარეშე ასრულებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

„სამწუხაროდ, გლობალურ „ომის პარტიას“ დღეს ძალიან დიდი გავლენები აქვს სხვადასხვა სტრუქტურებზე, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საქართველოს ომისკენ მოუწოდებდა და ამგვარ განცხადებებს ქართული ოპოზიცია ზურგს უმაგრებდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ომის თავიდან არიდება შეძლო.

„რაც არ უნდა დავალებები ასრულონ, ხალხი არის ჩვენს მხარეს და ამის საფუძველი არის ერთი და მთავარი, მართლები ვართ და ეს სიმართლე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ურთულესი გასატანი. სხვა გზა დღეს არ გვაქვს, უნდა გავიტანოთ, გავა წლები და დღეს თუ 55-60% დგას მყარად იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ ვართ მართლები, ძალიან პატრიოტულ საქმეს ვაკეთებთ, მერე ამას იტყვის 90% და მეტი. ერთიანი საქართველო თავისი ტერიტორიებით, ხალხით, აფხაზებით, ოსებით, ქართველებით და სხვა ერების წარმომადგენლებით, ყველასთან ერთად აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.