მამუკა მდინარაძე - როგორც იქნა, ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საუკეთესოა და რაც კი შეიძლებოდა, პოზიტიური ჩაწერილიყო, რომელიც სასამართლოს წაადგება, ყველაფერი ჩაიწერა.
„ამდენი პროცედურა, ასეთი მკაცრი კრიტერიუმები, რამდენიმე ეტაპი პრაქტიკულად არც ერთ განვითარებულ ქვეყანას კი არ აქვს მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო კანონპროექტია. თუკი რაიმე შეიძლებოდა პოზიტიური ჩაწერილიყო და სასამართლოს წაადგება, ყველაფერი ჩაიწერა.
ოპონენტების დღის წესრიგი გასაგებია. ისინი თავისას მიჰყვებიან. მათ სასამართლოში გავლენები სჭირდებათ. მათ პროცესის გაჭიანურება სჭირდება. ოთხთვიან პროცესს ფორსირებულს ეძახიან. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა, მეტი არაფერი.
რეალურად, როგორც იქნა, ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ. ახლა მთავარია, ამას ასახვა ჰქონდეს პატიოსანი და ისეთი მოსამართლეების არჩევაში, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ. მთავარია, უზენაეს სასამართლოში ხუთ ათასზე მეტი საქმე განიხილონ სასწრაფოდ, რათა ადამიანებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ, რომ მათ მიმართ მართლმსაჯულება არ ხორციელდება. ეს არის დღის წესრიგი, რომელიც სასამართლოს აქვს და ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.