მამუკა მდინარაძე - იქნებ, დაგვიკონკრეტონ წერილის ავტორებმა, გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ ქვეყნის ღალატი, რომელი გამოცდილება სჭირდებათ
იქნებ, დაგვიკონკრეტონ წერილის ავტორებმა, გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ ქვეყნის ღალატი, რომელი გამოცდილება სჭირდებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ზელენსკის პარტიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ითხოვენ, რომ სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება უკრაინაში და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ის გადასცენ უკრაინას.
„ჩემი კითხვა გადაეცით, მე არ ვიცოდი ამ წერილის შინაარსი, თუ მართლა ასეთია, რომელი გამოცდილება, ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა, რა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა უკრაინელებს? გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისი ქვეყნისათვის, ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, წაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი, თუ ომიდან ორ თვეში სამხედროებს დააბრალოს, როგორ დაიწყეს ვითომ მათ საომარი მოქმედებები, რომელი გამოცდილება სჭირდებათ, იქნება, დაგვიკონკრეტონ“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.