მამუკა მდინარაძე - გუშინ მთელი დღე ვუყურებდით მოდელირებულ რეალობას, თითქოს ვიღაც აპირებდა „ტვ პირველში“ შეჭრას, მსგავსი არავის უფიქრია, რაც გამოჩნდა პროკურატურის განცხადებიდანაც
გუშინ მთელი დღე ვუყურებდით მოდელირებულ რეალობას, თითქოს ვიღაც აპირებდა „ტვ პირველში“ შეჭრას, მსგავსი არავის უფიქრია, რაც გამოჩნდა პროკურატურის განცხადებიდანაც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მსგავსი არათუ მიზანი, არამედ არანაირი ნიშანი არ არსებობდა და მტკიცებულებად აიღეს მოსამართლის შაბლონი, რაც წერია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილებაში, ერთი ხაზი, რომ პროპორციულ ძალის გამოყენება ხდება თურმე საგამოძიებო მოქმედებების დროს, შესაბამისად. ამოღების სხვა დადგენილებები და მოსამართლის გადაწყვეტილებებიც აიღონ და იქაც თუ წერია, მაშინ რა ხდება? ეს ხომ ყველამ კარგად იცის რეალურად და მათმა იურისტებმა, მთელი დღის განმავლობაში, რაღაც მოგონილ ამბავზე გაბრაზებულები ვნახეთ და ცოტა უხერხულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძემ „ტვ პირველის“ საკითხთან დაკავშირებით „მოდელირებული ქრონიკა“ გაიხსენა.
„თქვენ და ბევრმა ჟურნალისტმა იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ „მოდელირებულმა ქრონიკამ“, რომელიც სულ ერთი თუ ნახევარი საათის განმავლობაში მიდიოდა, რამდენად აღაშფოთა ქართული საზოგადოება. შეიძლება, მასშტაბი ისეთი არ იყო და ისეთი საფრთხეს არ შეეხებოდა, რაც „მოდელირებულ ქრონიკაში“ იყო თავის დროზე, მაგრამ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვუყურებდით მოდელირებულ რეალობას, თითქოს ვიღაც აპირებდა „ტვ პირველში“ შეჭრას“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოში მედიას ვერავინ შეეხება.
„ერთი აზრი მომდის და შეიძლება, გაგახალისოთ კიდევაც – მე მყავს ორი შვილი, ერთი ოთხი წლის და უფროსი რვა წლის. პატარა, უმცროსი, მაგრად აწვალებს დიდს – ხან დაარტყამს, ხან ხელს მიარტყამს, ხან ფეხს, როგორც კი უფროსი შეუტრიალდება და რაღაცას ეტყვის, არ არის საუბარი იმაზე, რომ შეეხო საერთოდ, ეს პატარა გამორბის და ჩემთან და ჩემს მეუღლესთან დაიჩივლებს-ხოლმე მირტყამსო. ისე იქცევა დღეს ზოგიერთი ჟურნალისტი. ე.ი. გვაბრალებენ ტყუილს, სასწაულებს და როგორც კი რაღაც საყვედურს ეტყვი, ამბობენ მერე, თითქოს საშინელებას ჩავდივართ. ცალ კარში თამაში ცოტა უხერხულია. როდესაც მაბრალებ დღე და ღამე, დღეში ხუთ სიუჟეტს აკეთებ, მაბრალებ ტყუილებს და როგორც კი საყვედურს გეტყვი იმწუთას ამბობ, რომ ზეწოლაა მედიაზე, ეს არ არის სწორი. როდესაც შენ თვითონ ითხოვ გამოძიების დაწყებას, გამოძიება დაიწყება და არ მოგწონს ის მიმართულება, რა მიმართულებითაც დაიწყო გამოძიება, ამოღების გადაწყვეტილებას გაჩვენებ და იქ რაღაცას ერთ ხაზს ეძებ, რომ შემდეგ ამაზე მთელი ნარატივი ააგო, მთელი დღის განმავლობაში მოდელირება. ჟურნალისტებმა გამოხატეს სოლიდარობა. აი, რა უჭირდათ რეალურად, მითხარით – რა ხდებოდა ისეთი, რასაც სოლიდარობა გამოუცხადეთ? მეც სოლიდარული ვარ, მოვალ თქვენთან ერთად და გავაკეთებ რაც თქვენ გნებავთ იმას, აბა მითხარით რა უჭირს „ტვ პირველს“ რეალურად. ოღონდ, მე გეუბნებით, რომ არანაირი საფრთხე არ არის. ახლა მე თქვენ გეუბნებით, თქვენ თუ ხართ სოლიდარული, მეც თქვენთან ერთად სოლიდარული ვარ, თუ რამე უჭირს. იმის მიუხედავად, რასაც ჩვენ გვაბრალებენ კონკრეტულად ის ტელევიზია, მეც თქვენთან ერთად მედიის თავისუფლებისათვის დავდგები და წამოვალ ახლავე. მითხარით, რა უჭირთ რეალურად. თქვენ და მე თანაბარ პირობებში ვართ, მე თუ გამანდობენ, როგორც პარლამენტარს, მეც შემიძლია, არ გავთქვა წყარო, ასე ხართ თქვენც და ამას კანონიდან ვერ ამოშლის ვერავინ. პანიკა რაში მდგომარეობს? რაზე იყო პანიკა? ანუ მოგონილი პანიკა იყო, ხომ შევთანხმდით? ეს ფრაზა წერია ამოღების ყველა დადგენილებაში, ეს იციან თან. მე და ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები გაძლევთ გარანტიას, გარანტია გაქვთ იმისი, რომ მედიას ვერავინ ვერ შეეხება ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.