მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიამ რაც უნდა ბოდიშით დაიწყოს, თავი მოიკატუნოს, ამ არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიამ რაც უნდა ბოდიშით დაიწყოს, თავი მოიკატუნოს, ამ არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შეხვედრის დროს იყო გარკვეული მინიშნებები, რა მინიშნებებზეც გახარიამ მისთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას წინა დღეებში ჰქონდა კომუნიკაციის მცდელობა კახა კალაძესთან, შეხვედრა კი დღეს შედგა.

„ჩემთვისაც ცნობილი იყო კომუნიკაციის მცდელობები წინა დღეების განმავლობაში. დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, კახი კალაძის ერთი გაცინება უნდოდა, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული. როცა ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა გახარია და როცა დღეს უკვე ვიგებთ, რომ მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს ეს ადამიანი, სხვანაირი შეფასება წარმოუდგენელია. აქ მე მგონია, რომ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. შეხვედრის დროს იყო გარკვეული მინიშნებები, რა მინიშნებებზეც მან მისთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო. ჩვენთვის სულ ერთია ის კანდიდატურას დააყენებს, თუ არა. მისი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში არ შევალთ, რადგან საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი. იმაზე რა მინიშნებებიც იყო, ისედაც არ შეიძლება არავისთან საუბარი. რაც არ უნდა ბოდიშით დაიწყოს, რაც არ უნდა თავი მოიკატუნოს, რაც უნდა ის ქნას, კახა კალაძე ამ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის სტიმული ერთ-ერთი, მათ შორის პატარა მაგრამ მაინც, არის გახარიას დღევანდელი უღირსი გადაწყვეტილება. რომლისთვისაც ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში გადაიყვანს ნიკა მელიას, რომლისთვისაც ასე გაისარჯა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.