მამუკა მდინარაძე - განცხადების მიმართულება მისასალმებელია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სასურველი იქნებოდა განმარტება შეწყალებაზე
განცხადების მიმართულება მისასალმებელია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სასურველი იქნებოდა განმარტება შეწყალებაზე, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას.
ამასთან, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა კარგად გაითავისა პრობლემა.
„მე მეორე დღესვე გავაკრიტიკე ეს გადაწყვეტილება და აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი საკუთარ პოზიციაში. თუმცა, ჩვენ გუშინ მივიღეთ პრეზიდენტის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მიმართულება მისი განცხადებისა მისასალმებელია. ჩანს, ქალბატონმა სალომემ კარგად გაითავისა პრობლემა, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
თუმცა, ადმინისტრაციისგან სასურველი იქნებოდა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ქართული საზოგადოება არა მხოლოდ პოლიციელის მკვლელის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული და მსჯავრდებული ადამიანის შეწყალებაზე ასეთ რეაგირებას აყოლებს ხოლმე და ჩვენ წარსულში არაერთხელ გაგვიხმოვანებია კრიტიკა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.
თუმცა, ქალბატონი სალომეს პოზიცია აბსოლუტურად მისაღებია და გასაზიარებელია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ხაზგასმით დააფიქსირა პატივისცემა ინსტიტუტების მიმართ, ქართული პოლიციის მიმართ და გარკვეული წუხილებიც ალბათ ნახეთ, რომელიც შეინიშნებოდა გუშინდელ მის განცხადებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერს, რომ შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.