მამუკა მდინარაძე - გამოქვეყნებული კვლევებით ყველაზე ძალიან თავად ენდიაი (NDI) ზიანდება
„ენდიაის“ (NDI) კვლევები დამაზიანებელია არა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, არამედ იგი დამაზიანებელია მართლაც ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, რომლის ეგიდითაც ქვეყნდება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ „სიარარსი“ (CRRC) არის ორგანიზაცია, რომელიც „ენდიაის“ დაკვეთით ატარებს საქართველოში საველე სამუშაოებს.
„ის ეკითხება თავისი ქართული წარმომადგენლობის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეს აზრს და შემდეგ გადასცემს „ენდიაის“ და სამწუხაროდ, „ენდიაი“ ენდობა ამ კვლევის შედეგებს. „სიარარსის“ ყველა კვლევა, ყველა ტენდენცია აბსოლუტურად ერთი ერთში, ყოველთვის ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ტენდენციას. ფაქტია, რომ მისი მესიჯბოქსიც კი კვლევაში ასახული ემთხვევა ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსს. ამით ყველაზე ძალიან ზიანდება თავად „ენდიაი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.