მამუკა მდინარაძე - ერთი ადამიანის აღქმაშიც რომ დარჩეს, თითქოს კანონპროექტი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას უნდა ავუხსნათ, სინამდვილეში რა ეწერა
მამუკა მდინარაძე - ერთი ადამიანის აღქმაშიც რომ დარჩეს, თითქოს კანონპროექტი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას უნდა ავუხსნათ, სინამდვილეში რა ეწერა

კანონპროექტის გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის სასარგებლოდ მმართველი გუნდის ერთ-ერთი არგუმენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტი იყო.

„თითქმის ყველა გამოსვლაში, რამდენიმეჯერ, მე, და არამხოლოდ მე, ვახსენეთ, მაგალითად ,„ნამახვანჰესის“ პროექტი, სადაც, ჩვენი შეფასებით, და არ მგონია, ვცდებოდე, წმინდა რუსული ინტერესი და დაფინანსება იყო, მაგრამ ამის მტკიცებულება ფურცელზე არ გვქონდა და ეს მომყავდა სწორედ მაგალითად იმისა, რომ საზოგადოებას შეიძლება, აინტერესებდეს, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო ანუ საქართველოს ენრგოდამოუკიდებლობის კამპანიიის დაფინანსება რუსეთიდან რომ მოდიოდა, რატომ ხდებოდა, რომ სხვა მხრიდანაც, ჩვენი მეგობარი ქვეყნების რომელიღაც კონკრეტული ორგანიზაციიდან დაფინანსებული იურიდიული პირიც ამ კამპანიას ეხმარებოდა. ეს კითხვები დავსვით არგუმენტებად მაშინ, მაგრამ ახლა აღარ არის აქტუალური, გავიწვიეთ, დამთავრდა, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება ხალხს, ამის შესახებ უნდა ველაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებთან საუბარი და კანონპროექტის მიზნების განმარტება არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი აღარ გაიწვევს კანონპროექტს.

„ეს არ აურიოთ და რომ ვერ მოახერხოთ ამითაც სპეკულირება, ამიტომ გპასუხობთ ახლა. ეს არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი ან გაწვეული აღარ არის, ან უარს არ ვამბობთ მასზე. გულწრფელად გეტყვით და ხედვთ, ჩვენი რეაქციები ამაზე რამდენად მძაფრია – ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით, მაგრამ ერთი ადამიანის აღქმაში, მართლაც შეიძლება, ვიღაც ერთს, რომელიმე თქვენგანსაც კი, რომელიმე ადამიანს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას აუცილებლად უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა, რადგან რა აღმოვაჩინეთ, იცით? ამის გამპროტესტებელი ადამიანებიდან 99-ს კი არა, თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამის უარყოფის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმას შეეხებოდა. ეს არ იცოდა ბევრმა, წაკითხულიც არ ჰქონდა, იმდენად ჰქონდა თავში გამჯდარი რაღაც ცრუ ნარატივი, რომელიც ალაგეთ დღეების განმავლობაში ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე. ერთ ადამიანსაც კი ეს განცდა რომ არ დარჩეს, ესეც კი მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმდენად პრინციპულია, რომ უნდა ვიაროთ ევროპისკენ ღირსებით, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით და რაიმე მსგავსი, ამ საკითხებთან დაკავშირებული რისკების გამორიცხვით. ღირსებით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი, რაც გვინდა, საბოლოო ჯამში, ვუთხრათ საზოგადოებას, არა მხოლოდ ამ საკითხიდან გამომდინარე, ზოგადად, და რაც ჩვენ მიერ იქნა თავის დროზე კონსტიტუციაში ასახული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.