მამუკა მდინარაძე - ჩვენს ოპონენტებს საგნობრივი და საქმეზე ორიენტირებული საუბარი არ აწყობთ
მამუკა მდინარაძე - ჩვენს ოპონენტებს საგნობრივი და საქმეზე ორიენტირებული საუბარი არ აწყობთ

ოპონენტების ნაწილი პრობლემებს იგონებს და შემდეგ თავიანთ მოგონილ პრობლემებზე თვითონ ბრაზდებიან, არადა, ქვეყანაში პრობლემები და გამოწვევები მართლაც ბევრია,  – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა დღევანდელ ინტეპელაციასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმინეს.

მდინარაძის თქმით, ყველაფერი ერთ დღეში და ერთ წელში არ გვარდება, გამოწვევებზე საუბარი კი, მათი გადაჭრის გზაც არის.

„ჩვენი ოპონენტების ნაწილი იქცევა ასე – იგონებენ პრობლემებს და მერე ამ პრობლემებზე ბრაზდებიან, თავის მოგონილ პრობლემებზე, არადა, გამოწვევები და პრობლემები მართლა ბევრია ამ ქვეყანაში. შეუძლებელია არ იყოს, რადგან განვითარების გზაზე ვდგავართ და ყველაფერი ერთ დღეში და ერთ წელში არ გვარდება. რეალურ გამოწვევებზე საუბარი ამ გამოწვევების გადაჭრის გზაც არის და ამაზე ვისაუბრეთ დღეს პრემიერ-მინისტრთან. ამაზე საუბრობდა პრემიერიც, რომელმაც მრავალ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა ასეთი საგნობრივი და საქმეზე ორიენტირებული საუბარი არ აწყობთ ჩვენს ოპონენტებს და ამდენი წელია იგივეს ვიძახით. უკვე გაცვდა ეს ჩვენი სიტყვებიც, გაცვდა მათი ყვირილი, წივილ-კივილი, ისტერიკა, პოპულიზმი, ყველაფერი გაცვდა, მაგრამ მაინც არ ანებებენ ამ ყველაფერს თავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, ასეთი პოლიტიკური ძალები ვერასდროს  მიაღწევენ წარმატებას საქართველოში.

„ასეთი პოლიტიკური ძალები ვერასდროს  ვეღარ მიაღწევენ წარმატებას ამ ქვეყანაში, ვინც საქმეზე კი არ ფიქრობს, არამედ ფიქრობს, როგორ მიაყენოს ვიღაცას ზიანი, როგორ ახსენოს სამ წინადადებაში ერთხელ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილის დავალება შეასრულოს. ასეთი ძალები წარმატებას ვერ მიაღწევენ, წარმატებას უნდა მიაღწიონ ძალებმა, ეს იქნება „ქართული ოცნება“ თუ მომავალში სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც იქნება საქმეზე ორიენტირებული, ისაუბრებს საგნობრივად,  მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე ისაუბრებს, რეალურად შეაწუხებს აღნიშნული პრობლემები და იფიქრებს მათი გადაჭრის გზებზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობამ მიიწვია და მან კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა,

„მე ვაწერდი კითხვას ხელს და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ მივიღე აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი პასუხები, განსაკუთრებით  გამოვყოფ ეპიზოდს პასუხიდან, როდესაც დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში გეგმაშია თვითმმართველობის კომპონენტით გადაზღვევა სოციალური დახმარების, როგორც დანიშვნის ასევე მოხსნის, რადგან გვჭირდება იმ რამდენიმე ასეული შემთხვევის დაზღვევაც,  როდესაც მოქალაქეები სწუხან, რომ მათ უსაფუძვლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული კომპონენტის გაძლიერებას მიესალმება და მხარს დაუჭერს.