მამუკა მდინარაძე - ჩვენი რომელიმე ოპონენტი ოდნავ მაინც თუ გამოიჩენს კონსტრუქციულობას, შეუძლებელია, შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ
მამუკა მდინარაძე - ჩვენი რომელიმე ოპონენტი ოდნავ მაინც თუ გამოიჩენს კონსტრუქციულობას, შეუძლებელია, შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ

ჩვენი რომელიმე ოპონენტი ოდნავ მაინც თუ გამოიჩენს კონსტრუქციულობას, შეუძლებელია, შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს კომპრომისული წინადადება ან გადაჭრის გზები.

„ჩვენ კომპრომისული ნაბიჯები გადავდგით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საარჩევნო რეფორმაზე, ბარიერის დაწევაზე, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც კომპილაციურ დოკუმენტებში აისახა, მათ შორის, თქვენ როგორც უწოდებთ ხოლმე, შარლ მიშელის დოკუმენტში, ყველა საკითხზე გვაქვს კომპრომისული წინადადება ან გადაჭრის გზები. ასე რომ, ჩვენი რომელიმე ოპონენტი ოდნავ მაინც თუ გამოიჩენს კონსტრუქციულობას, შეუძლებელია, შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ. ყველამ უნდა ვიფიქროთ ხალხისა და სახელმწიფოსთვის და არა -პრტიებისთვის. ამ განწყობით თუ მივალთ, შეთანხმებაც იქნება. ჩვენ ამ განწყობით მივდიოდით ყველა მოლაპსრაკებაზე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავდით, რომ ოპოზიციაც ასე მოდიოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით მდინარაძემ აღნიშნა, რომ მას არ გაცნობია, თუმცა მმართველი გუნდი ყურადღებით განიხილავს ყველა ისეთ წინადადებას, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში სახელმწიფოებრიობასთან და კანონთან.

„სამწუხაროდ ვერ გავეცანი ამ განცხადებას, მაგრამ ჩვენ ყველა ვერსიას ყურადღებით განვიხილავთ და თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე, ოღონდ სახელმწიფოებრიობას, სამართლიანობას და კანონს არ ურტყამდეს“, – აღნიშნა მან.

ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით კი მდინარაძემ განაცხადა, რომ საქმე ეხება არა პოლიტპატიმარს, არამედ პოლიტიკურ თვითიზოლაციას.

„დღევანდელ სხდომაზე მაგალითად, იყო ორი ისეთი ხუმრობასთან დაკავშირებული მომენტი, როცა ბატონმა ლადო კახაძემ თქვა, რომ პოლიტპატიმრობა კი არა, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაციაო და აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია.

მეორე ხუმრობა შეეხებოდა ორი თვით გადადებულ აქციებს, რომელზეც, სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ, გაგვეღიმა და გადავედით სხვა საკითხებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.