მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვნახეთ მედიის მხრიდან ყალბ მონაცემებზე დაყრდნობით ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც მას შემდეგ დასრულდა, რაც ნიკა გვარამიამ ამ მედიასაშუალებებს მოუწოდა, დავამთავროთ პოლიტიკა და ჟურნალისტიკას დავუბრუნდეთო
მედიის ზეწოლა ვნახეთ ჩვენ, სპეკულირებული და ყალბ მონაცემებზე დაყრდნობილი ზეწოლა ხელისუფლებაზე, საკმაოდ ამორალური კამპანია, რომელიც სამწუხაროდ მიმდინარეობდა დღეების განმავლობაში და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ნიკა გვარამიამ ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, დავამთავროთ ახლა პოლიტიკა და დავუბრუნდეთ ჟურნალისტიკასო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტებმა მამუკა მდინარაძესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საქართველოში მყოფ კონგრესმენებთან შეხვედრისას ოპოზიციამ მედიაზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.
„ვინმე თუ ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, ეს როგორი სიმართლეა, თქვენ თვითონაც კარგად იცით, როდესაც ამ კითხვას სვამთ. მედიის ზეწოლა ვნახეთ ჩვენ, სპეკულირებული და ყალბ მონაცემებზე დაყრდნობილი ზეწოლა ხელისუფლებაზე და საკმაოდ ამორალური კამპანია, რომელიც სამწუხაროდ მიმდინარეობდა დღეების განმავლობაში და დასრულდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, დავამთავროთ ახლა პოლიტიკა და დავუბრუნდეთ ჟურნალისტიკასო. ეს არის ისტორიული, ყველაზე სამწუხარო ფაქტი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, რომ ერთ-ერთი ე.წ. ტელევიზიის ხელმძღვანელმა მოუწოდა სამი-ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენელს, დავუბრუნდეთ ახლა ყველა ჟურნალისტიკასო, თქვა ვუბრუნდებითო და მეორე დღიდან ჟურნალისტების არაჟურნალისტური საქმიანობა შეწყდა. პროტესტი, რომელიც როგორი იყო, თქვენც კარგად იცით, ამაზე აღარ მიგითითებთ, რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ, შეწყდა და ეს მოხდა ნიკა გვარამიას მოწოდების შემდეგ. მე მგონი, ეს უნდა აწუხებდეს თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც იმ რაღაცაში, სახელს არ დავარქმევ, იღებდა მონაწილეობას. თუ საქართველოში იქით ედავებიან ხელისუფლებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, რომ მათ ამ საქციელს ისტორიამ სახელი ვერ დაარქვას. ჟურნალისტიკის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა და ჩემი აზრით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძიმე დაღად გაყვება, ის რაც მოხდა კვირების წინ, ქართულ ჟურნალისტიკაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.