მამუკა მდინარაძე - ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ოპონენტებს რეაქცია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც ბედავს და გვეუბნება, უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე იფიქრეთო
მამუკა მდინარაძე - ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ოპონენტებს რეაქცია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც ბედავს და გვეუბნება, უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე იფიქრეთო

ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ქართველებს გვითხრას, უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე მაინც იფიქრეთო, როდესაც ამას არც ერთი ჩვენი ოპონენტის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ აქვს, ეს არის ლუსტრაცია, რომ ისინი კონკრეტული მიზნით მოქმედებენ და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავებით აღსრულდა კანონი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ოპონენტებს რეაქცია სწორედ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით ამგვარ განცხადებაზე უნდა ჰქონდეთ.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას, როდესაც ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა: „ლიეტუვაში ​ყველა პოლიტიკური ლიდერი სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ, ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ?“.

„კრიტიკას ვერ დავარქმევდი, კრიტიკის მიღმაა ჩვენი იმ კოლეგის განცხადება, რომელიც ამბობდა, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა მომავალსაც ნუ დაკარგავთო. ეს მისი მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც პასუხს არ სცემს თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას, შეხვდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. ის ამბობს, მეგობრებთან შეხვედრას ვერავინ ამიკრძალავსო, თუ რაღაც მსგავს კონტექსტში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი თავის განცხადებებში სუბიექტური დამოკიდებულებით გამოირჩევა და მისი რადიკალური განცხადებები განსხვავდება სხვა კრიტიკული განცხადებებისგან, რომელიც აბსოლუტურად გასაგებია, აქ უკვე ასევე სუბიექტური ინტერესი იკვეთება. ეს სუბიექტივიზმი გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან აკეთებდა განცხადებებს და „ნაცმოძრაობამ“ მასთან ერთად თქვა, თითქოს გადადო აქცია და ეს იყო კომპრომისი მაშინ, როდესაც კომპრომისად არ მიიღეს მათ რიგგარეშე არჩევნებზე თანხმობა ერთ პროცენტიანი გადახრის შემთხვევაში.

ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ქართველებს გვითხრას, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე მაინც იფიქრეთო, და როდესაც ამას არც ერთი ჩვენი ოპონენტის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ აქვს, ეს არის ლუსტრაცია, რომ ისინი კონკრეტული მიზნით მოქმედებენ დღეს და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

არაფერი მომხდარა ისეთი, კანონი აღსრულდა. ცუდი ფაქტია, რომ კანონი შეიძლება აღსრულდა ამ ქვეყანაში კონკრეტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ, მაგრამ რეალურად ამას ჰქვია თავისი სახელი. ბრალდებული, რომელიც შეგნებულად საჯაროდ იწვევს სახელმწიფოს და ეუბნება, რომ არ გადაიხდის გირაოს, გავა კანონის ჩარჩოებიდან, არ დაემორჩილება კანონს, ეს ადამიანი იქნა დაკავებული, მეტი არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, ვთხოვოთ ჩვენს ოპონენტებს რეაქცია იმაზე, რომ ვიღაც ბედავს ამ ქვეყანაში და გვეუბნება, უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე იფიქრეთო“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი