მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.

„ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის მასზე, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

„საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ დემოკრატიის და მისი ხარისხის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, და ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი