მამუკა მდინარაძე - ბათუ ქუთელიას საკითხზე გუშინ ბრიფინგები რომ მოგვიწყვეს და მატყუარები გვეძახეს, მგონი, ბოდიში აქვთ მოსახდელი
მამუკა მდინარაძე - ბათუ ქუთელიას საკითხზე გუშინ ბრიფინგები რომ მოგვიწყვეს და მატყუარები გვეძახეს, მგონი, ბოდიში აქვთ მოსახდელი

ბათუ ქუთელიას საკითხზე გუშინ ბრიფინგები რომ მოგვიწყვეს და მატყუარები გვეძახეს, მგონი, ბოდიში აქვთ მოსახდელი, – განაცხადა თემის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„პირველი – კარგია აღიარება, რომ ნამდვილად ეწერა ბათუ ქუთელიას გვარი. გუშინ ბრიფინგები რომ მომიწყვეს საღამოს, თურმე ყველა ეს ბრიფინგი ტყუილი იყო და აქეთ გვეძახდნენ მატყუარებს. მგონი, ბოდიშიც აქვთ მოსახდელი.

მეორე, რამდენ პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ შეცდომით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას სახელი და გვარი. მე მგონი, ბოლოს მაგ პროცენტულ მაჩვენებლამდე დავა სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა. რეალურად, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზოგ შემთხვევაში „ობიექტური“, „მიუკერძოებელი“ მედიის, ზოგ შემთხვევაში ექსპერტის, ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის უკან რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იმალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

გუშინ, დღის ბოლოს ბათუ ქუთელიამ გამოაქვეყნა „ორიონ სტრატეჯის“ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო მიუთითეს.