მამუკა მდინარაძე - არის მცდელობა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და არაობიექტური გარემოებები, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მტრობა არავის შერჩება
მამუკა მდინარაძე - არის მცდელობა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და არაობიექტური გარემოებები, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მტრობა არავის შერჩება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარძის განცხადებით, არის მცდელობა, ევროპარლამენტის რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და არაობიექტური გარემოებები.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის შიგნით ვინც ამ ყველაფრის მომხრე და შემოქმედია, ის პირდაპირ მტრობს ქვეყანას. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველოს მტრობა არავის შერჩება.

„ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტები და დავალების მიმცემები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთ რეზოლუციებში აუცილებლად მოხვდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ერთი მხრივ, მათ სუბიექტურად აწყობთ, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და ა.შ. ამავე დროს, აზიანებს გაცილებით სხვა ეროვნულ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის. საბოლოო ჯამში ვერ დააზიანებს, მაგრამ მცდელობაა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და რაც მთავარია, არაობიექტური ფაქტები და გარემოები, რასაც ხან ახერხებენ, ხან – ვერა. საბოლოო ჯამში, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერ დააზიანებს ქვეყანას, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლოკალური დარტყმები არის საქართველოს საწინააღმდეგო. თუ ვინმე ქვეყნის შიგნით ამის მომხრეა და არათუ მომხრეა, არამედ შემოქმედიც, ის პირდაპირ ქვეყანას მტრობს. ეს უნდა დაიმახსოვრონ კარგად და ქართულმა საზოგადოებამ იდენტიფიცირება მოახდინოს. საბედნიეროდ, დღემდე ახდენს კიდეც და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“. წინა რეზოლუციაშიც ასე იყო და ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება. შეიძლება, რეზოლუციაში მოხვდეს რაღაც პუნქტები, რომლის გამოც ვიღაცამ მხარი დაუჭიროს ან – არა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ხდება იდენტიფიცირება, ვინ მტრობს ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.