მამუკა მდინარაძე - არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას
მამუკა მდინარაძე - არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას

სამი კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, საინფორმაციო ფონი და საბაბი შეექმნათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც ისინი სიტყვა რეფერენდუმსაც კი იყენებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც მდინარაძე ამბობს, სახელმწიფო ცდილობს, დაიცვას ბალანსი – ერთი მხრივ, არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები, მეორე მხრივ კი კოვიდისგან გამოწვეული ზიანი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

„ამის შესახებ საზოგადოებას ვუთხარით და ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა. ისინი საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ეს მათ მაინც მოუწევთ. ასევე სააკაშვილს დავალება შეცდომით გაეპარა, რომელიც შიდა ჩატში ჩაშლილი უნდა ყოფილიყო და საჯაროდ გამოაქვეყნა. მისი დავალება იყო, რომ ყველა პრობლემა, ყველა კოვიდით გარდაცვლილი ადამიანი უნდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“. ცდილობენ, ეს ყველაფერი გამოიყენონ „ქართული ოცნების“ „გაშავებისთვის“. რეალურად, განსხვავებული ამბავი ხდება – სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, ბალანსი დაიცვას, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები, არ გაჩერდეს ეკონომიკა, რამაც შეიძლება, ქვეყანას დიდი ზიანი მოუტანოს. ასევე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ კოვიდიდან გამოწვეული ზიანი იყოს, რაც შეიძლება ნაკლები. ამ სამ უპირატეს მიზანს შორის ბალანსი უნდა მოვძებნოთ და რეგულაციები დავიცვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ ოპონენტებს მოუწოდა, საარჩევნო კამპანია კოვიდრეგულაციების დაცვის გზით აწარმოონ.

„ოპონენტებს მოვუწოდებთ, საარჩევნო კამპანია ისე აწარმოონ, რომ დაიცვან კოვიდრეგულაციები, ხოლო ამას არჩევნების დღეს ცესკო უზრუნველყოფს. შეგვიძლია, ორ-სამ კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მოყენებული ზიანი და ეს უნდა გავაკეთოთ რეგულაციების დაცვით, აცრით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, სამწუხაროა, რომ არჩევნების გადადების კამპანიაში მოხვდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარე სპიკერი და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა, მაგრამ სულ მცირე, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება გვესმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია.

არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, უბრალოდ, ისინი ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას. ვინაიდან, ამას მოკლე დროში ვერ ახერხებენ, ამისთვის სჭირდებათ დრო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.