მამუკა მდინარაძე - არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით
მამუკა მდინარაძე - არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მოქალაქეები თავიანთი ნებით მიდიან და ამას მათ არავინ აძალებს.

„გულწრფელად გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, თავი დაანებოთ ამ ხალხის დევნას, ბულინგს. ქალბატონი ვნახე წეღან, მთავრობის გადადგომას ითხოვდა, სადღაც ჩაწერეთ, წარმოუდგენელი ამბავია. ნუ დასცინით ამ ხალხს. ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც რომელიღაც რაიონში წააწყდით, ჰკითხეთ, სად მიდიხართ, აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი. გუშინ პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობები, ზოგს მეტადონშიკებს ეძახით, მეტადონის პროგრამაში მყოფ ადამიანებს, შემდეგ სსიპის და აიპის თანამშრომლებს უკრძალავთ აქციებზე ჩამოსვლას, შვებულებაში თუ არიან, მაინც. ძალიან გთხოვთ, ნუ აკეთებთ ამას, რადგან ერთი დღე იქნება, თქვენც შეხედავთ, მათ შორის დღევანდელი დღიდან გამომდინარეც, რომ არ შეიძლება ბოროტების და სიცრუის მხარეს დგომა.

რაც შეეხება იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თბილისში შეიკრიბებიან, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება ამ აქციას. „ნაცმოძრაობას“ რაც შეეძლო, ფიზიკურად ძალადობდა, ახლა ფსიქოლოგიურად და ინფორმაციული თვალსაზრისით ძალადობს, ამის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები. კონტრაქცია ფიზიკურად ვერ იქნება. ირაკლი კობახიძემ თქვა და ვეთანხმები, რომ მართლაც დაახლოებით იმდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი დაგვჭირდა ამ აქციისთვის, რამდენიც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იყო. ამასთან, შეჯიბრი არაფერში არ წერია. წარმოუდგენელია, არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ არის. საუბარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის, განვითარების მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რომ აქციაზე მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

„რაც შეეხება კოვიდს, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით. თუკი ვინმე პირბადით არ იქნება, მოვუწოდოთ, რომ გაიკეთოს პირბადე. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით, ჩვენ ამით მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე პრაქტიკულად დღეს არ არსებობდეს. თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ადამიანს მოვუწოდებ, დავიცვათ ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია. ამ შემთხვევაში, ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ ვირუსის გადადების რისკს. ამიტომ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება, ამის მენეჯმენტიც კარგად იქნება დალაგებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი