მამუკა მდინარაძე - არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები, პასუხი და რეალობა მარტივია, ქუთაისში ხმა ისმოდა
მამუკა მდინარაძე - არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები, პასუხი და რეალობა მარტივია, ქუთაისში ხმა ისმოდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის ჩავარდნისას ტექნიკური შეცდომა არ მომხდარა. დეპუტატი „ფეისბუქში“ წერს, რომ არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები, პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი – ქუთაისში ხმა ისმოდა.

„არანაირი ტექნიკური შეცდომა. ბოდიში ჩემს თანაგუნდელებთანაც, მაგრამ ეს არასწორი განმარტებაა.

არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები.

პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი – ქუთაისში ხმა ისმოდა. თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა – რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. პრინციპში ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

თავის მხრივ კი ერთი დადებითი მხარე, რაც ნათლად გამოჩნდა – დეპუტატები თუ ვერ უსმენენ რომელ საკითხს ეყრება კენჭი, ისინი მექანიკურად არ აძლევენ ხმას (ამაზეც ხშირად გაგვიგია კრიტიკა).

ობიექტურობისთვის ასევე უნდა ითქვას, რომ სანამ სხდომათა დარბაზში ტექნიკური პრობლემა (ხმის და აკუსტიკის) არ მოგვარდება, დეპუტატმა კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიჩუმე.

რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე (სხვათა შორის ჩვენც მათ შორის), ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დასახელდა.