მამუკა მდინარაძე - არ მგონია, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯს აზიანებდეს
არ მგონია, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯს აზიანებდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მდინარაძემ განაცხადა, რომ მაგალითად, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული.
„ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია, სადაც იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული მითითება იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი, წყნარი განვითარება და ვიზრუნოთ რეფორმებზე. საუბარია საარჩევო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე, ასარჩევია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ასე შემდეგ და ცოტა გაკვირვებას იწვევს ჩემში, რატომ არ ახსენებთ იმ თემას, სადაც კონსტრუქციული იყო ჩვენი პარტნიორის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ თუ ძალით გვინდა, მოტყუება დავარქვათ გადაწყვეტილების აღსრულების სხვაგვარ პროცესს, ეს ინტერპრეტირების საშუალებაა, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ არსებობს არგუმენტები და არსებობს ფაქტები, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არა უმრავლესობამ, მაგრამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასე გადაწყვიტა. დემოკრატიის ეს მიმართულება არ უნდა გადაიქცეს სპეკულაციის საშუალებად არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
როდესაც კონკრეტული ადამიანი აკეთებს განცხადებას და მე ვფიქრობ, ცოტა გადამეტებულიც შეიძლება იყოს შეფასებაში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომელი ქვეყნიდან არის ეს ადამიანი, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, სადაც მაჟორიტარული სისტემით არის მთლიანად არჩევნები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ კატასტროფა მოხდა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო მისაღები გადაწყვეტილება, რაც მიიღო პარლამენტმა.
„მაგრამ ეს გადაწყვეტლება მიიღო პარლამენტმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დემოკრატიის ხარისხს უნდა ვცეთ პატივი, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემთვისაც კი ცოტა მოულოდნელი იყო გარკვეულწილად და მიუღებელი იყო. მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.