მამუკა მდინარაძე - არ დავუშვებთ, რომ ოპოზიციის მოგონილი ტერმინის - „შავი ხვრელის“ შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს
მამუკა მდინარაძე - არ დავუშვებთ, რომ ოპოზიციის მოგონილი ტერმინის - „შავი ხვრელის“ შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს

ოპოზიციისგან არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე – ამ მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს; არაფრით არ უნდათ კონკრეტულად ასეთი ფორმულირებით კითხვაზე პასუხის გაცემა, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მდინარაძის თქმით, საქართველოს მიერ მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

„საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უფრო მეტიც, ჰააგაშიც კი მიმართვის თანაავტორია. ფაქტია, რომ 200-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას და მხარდამჭერ აქტს შევუერთდით, ვართ თანაავტორები და თანასპონსორები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ამის პარალელურად ოპოზიცია ავრცელებს უამრავ ცრუ ინფორმაციას.

„საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი აპირებს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში რუსულენოვანი სექტორის აღდგენას. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგონილი „ფეიკ ნიუსი“. ბათუმში იხსნება რუსული სკოლა; საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთეს; ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა სასწრაფო წესით დაიწყო; ლარსთან, გაურკვეველი ნომრებით გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც დადის რუსეთის მიმართულებით. ყველა ეს არის „ფეიკ ნიუსი“. და ტერმინი „შავი ხვრელი“. ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს – თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის“ გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან – ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ ამას ოპოზიცია ეძახის თავდასხმას. ანუ, რომ გცემენ, ხელი არ უნდა შეუბრუნო – ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას ეს ცალკე პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საქართველო რუსეთს არ უწესებს სანქციებს, რადგან ეს ოკუპანტ ქვეყანას ვერ დააზიანებს და დააზიანებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ რომ თქვენს მიერ მოგონილი ტერმინი ე.წ. შავი ხვრელი – ამისი შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.