მამუკა მდინარაძე - აღმოჩნდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტს აცხადებდა სახალხო დამცველის არჩევის შესახებ კონსულტაციებზე და მდაბიო ტყუილი იკადრა, ქუთაისში მივდივარო
მამუკა მდინარაძე - აღმოჩნდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტს აცხადებდა სახალხო დამცველის არჩევის შესახებ კონსულტაციებზე და მდაბიო ტყუილი იკადრა, ქუთაისში მივდივარო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

კერძოდ, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: „მიმდინარე პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელი“ უნდობლობას უცხადებს და დღევანდელ შეხვედრაზეც ამ მიზეზით არ იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ ეს პროცესი არის ფარსი. როგორ შეაფასებთ მათ მოქმედებას?“

„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩემთვის სამივე პოლიტიკურად მიუღებელია, ზოგადად, მათი აზრები პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვთ, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენლებს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ, ამიტომ ვერ მოვალ, შემდეგ კი ჟურნალისტებთან, თქვენ წინაშე დადგება და იტყვის, ბოიკოტი გამოვაცხადეო, თუ რაც თქვა, არ ვიცი, რაც შეიძლება, დაერქვას ამას, ზუსტად ის ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, – „ვინ გითხრათ, ქუთაისში მივდივარო, ვინაიდან, მაგალითად, პაატა მანჯგალაძე პარლამენტში იმყოფება“, – მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზუსტად ამის შესახებ საუბრობს, საკანონმდებლო ორგანოში რომ იმყოფებოდა, მანამდე კი უთხრა, რომ ქუთაისში მიდიოდა.

„არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში ვაპირებ წასვლას, ვერ მოვალო, შემდეგ კი აღმოჩნდება, თურმე ბოიკოტს აცხადებდა და ასეთი მდაბიო ტყუილი იკადრა, რა სახელიც ჰქვია, რაც მოაფიქრდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამას მოისმენს, ზუსტად ესაა საქმე. საკანონმდებლო ორგანოში რომ იმყოფება და ასეთი რაღაც მითხრა, ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართა. უმრავლესობიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე, ოპოზიციიდან კი ალეკო ელისაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, ბექა ლილუაშვილი, ფრიდონ ინჯია და ხატია დეკანოიძე. კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.