მამუკა მდინარაძე - 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ, გამოიყენონ „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის
მამუკა მდინარაძე - 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ, გამოიყენონ „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის

2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ, გამოიყენონ „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზით დადგინდა ამ ჩანაწერის სიყალბე.

„ძალიან ცუდია, რომ 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ ამ მონტაჟს და სიყალბეს  იყენებდა ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის. დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის. საბოლოო ჯამში, ექსპერტიზამ  დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. საუბრები, საიდანაც ეს სხვადასხვა ფრაზაა ამოღებული, რა თქმა უნდა, იქნებოდა, ამის გარეშე მონტაჟს ვერ გააკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.