მამუკა მდინარაძე - 100 მეტრის რადიუსის გარეთ მოწოდება და აგიტაცია დარღვევა არ არის, მთავარია, ეს დისტანცია იყოს დაცული
მამუკა მდინარაძე - 100 მეტრის რადიუსის გარეთ მოწოდება და აგიტაცია დარღვევა არ არის, მთავარია, ეს დისტანცია იყოს დაცული

100 მეტრის რადიუსის გარეთ არანაირი დარღვევა არ არის თუნდაც მოწოდება, თუნდაც აგიტაცია და ა.შ., მთავარია, ეს დისტანცია იყოს დაცული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საარჩევნო უბნებთან აგიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა არ მიდის ჩვენი მხრიდან რაღაც პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება ასეთი დარღვევების.

უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დადგენილია შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ და ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი, 100 მეტრის რადიუსი დაიცვან მკაცრად. 100 მეტრის რადიუსის გარეთ მათ შეუძლიათ, ჩაატარონ ნებისმიერი კანონიერი მოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული მაისურებით იყვნენ 100 მეტრის რადიუსის გარეთ, ეს დარღვევა არ არის. ამას ვამბობ ერთი მთავარი მიზეზის გამო. გარკვეული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ასევე პარტაქტივისტები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ, ვისია და ვის წარმოადგენს, 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ თითქოს ვიღაც სიით ზის. ვიღაც აღრიცხვას აწარმოებს, ვიღაც მოუწოდებს მოსვლისკენ თავის აქტივისტებს, ეს არ არის დარღვევა ცალსახად, ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული 100-მეტრიანი რადიუსი. სამწუხაროდ, ვხედავთ ზოგიერთი ტელეკომპანიის მხრიდან, რომ 100-მეტრიანი რადიუსის გარეთ ისინი მიდიან კონკრეტულ ავტომანქანებთან, აფიქსირებენ იქ, რომ ადამიანები სხედან მანქანებში, დასდევენ გამვლელებს და ეუბნებიან, რომ იქ ყოფნის უფლება არ აქვთ, ეს არის ცალსახად არასწორი ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რომ 100 მეტრის რადიუსის გარეთ არანაირი დარღვევა არ არის თუნდაც მოწოდება,თუნდაც აგიტაცია და ა.შ., მთავარია ეს დისტანცია იყოს დაცული“, – განაცხადა მდინარაძემ.