მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები - გერმანიის ელჩისთვის ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემაზე არსებობს ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება
გერმანიის ელჩისთვის ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში განმარტებულია, რომ „გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია“.
„გუშინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთი მხრივ, მამუკა ხაზარაძის ოჯახის და, მეორე მხრივ, გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.) გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.