მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო-საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს
მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო-საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს

მამუკა ხაზარაძის მიერ მეათე მოწვევის პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს. დაშლის მიზეზი იქნება რეგლამენტით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის მიხედვით, ფრაქციისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი.

ამ დროისთვის, „ლელოს“ ფრაქციაში არიან – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და არმაზ ახვლედიანი. იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, ფრაქციაში ექვსი დეპუტატი დარჩება, რაც მისი დაშლის მიზეზი იქნება. საპარლამენტო საქმიანობაში ფრაქცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, ვინაიდან, სწორედ ფრაქციას აქვს გამოსვლებისთვის უფრო მეტი დრო და ბერკეტი, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.

პარლამენტში მამუკა ხაზარაძის ადგილმონაცვლედ პარტიის სხვა წევრი ვერ შევა, რადგან „ლელომ“, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, 2020 წელს ცესკო-ს პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა. შესაბამისად „ლელოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი პარტიული სია გაუქმებულია.