მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეწყალების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. იცით, რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის არალეგიტიმური, მიტაცებული პარლამენტი, მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეწყალებით გამოგვიშვა – გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია – მაგრამ მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელია, როცა ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით, იმავე ეგრეთ წოდებული დანაშაულით იხდიან სასჯელს.
ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვებას აბსოლუტურად არ ველოდებოდით. რვათვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით, მაგრამ გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, ე.წ. შავი ნიაღვრის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ. დღეს რაც გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, არის სამართლებრივი ნონსენსი, მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით. ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა. პირდაპირ გეუბნებით, რომ უახლოეს დღეებში, ე.წ. პრეზიდენტი თუ არ გამოუშვებს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც იმავე მუხლით არიან დაპატიმრებული, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებენ საქართველოს კანონმდებლობას თავიანთი პირადი ინტერესებისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება.