მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესი დატოვეს
მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესი დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის გარეშე გრძელდება.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულების ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის დაკითხვა დასრულდა, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ, დასკვნითი სიტყვისთვის. ამის საპასუხოდ ხაზარაძემ განაცხადა, რომ გამოდის,  მათი ჩვენებები არაფერს ნიშნავდა და პროკურორებს უკვე წინასწარ დაწერილი 30-გვერდიანი დასკვნა ჰქონდათ. ხაზარაძის შეფასებით, პროკურორებს წინასწარ დაუწერეს სიტყვა და იმით მივიდნენ სასამართლოში. ამის შემდეგ, მოსამართლემ უთხრა მამუკა ხაზარაძეს, თუ არ სურდა პროცესზე დასწრება, შეეძლო, გასულიყო. მან პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პოზიცია მისთვის გაუგებარია, რადგან ჯერ კიდევ წინა სხდომაზე იყო ცნობილი, რომ დასკვნითი სიტყვაც იქნებოდა ბრალდების მხარის.

სხდომიდან გასვლის ნებართვა ითხოვეს ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმაც.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.