მამუკა ხაზარაძე - ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციასა და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რათა ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი
მამუკა ხაზარაძე - ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციასა და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რათა ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქნება გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეების წინაშე დგას.

„გვინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელიც იქნება „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომლებიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე.

ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ საქართველოს უმაღლეს ორგანოში ვიყოთ წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო გაუარესდა.

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციასა და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რათა ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის და მივიღოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის გაწერილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო“ პარლამენტში ქმნის ფრაქციას, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან.

დატოვე კომენტარი