მამუკა ხაზარაძე - ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და თავისუფლებას არავის დავუთმობთ
მამუკა ხაზარაძე - ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და თავისუფლებას არავის დავუთმობთ

„დღეს „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიკრიბა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, რაშიც აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოეული პარტიის დონიდან და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ქვეყანა, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყანა, რომელსაც ბედისწერად აქვს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. მოგიწოდებთ ყველას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, რადგან ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ხვალიდნელ დღეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ აუცილებლად.

დღეს ილიას დაბადების დღეა. ამდენი ხნის შემდეგ კიდევ აქტუალურია ყველაზე მთავარი საკითხი, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და არავის დავუთმობთ. არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის, რადგან ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, ქვეყნის დამონება იწყება ყველაზე მთავარი, ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით. მე გეუბნებით, ყველა ხმა იქნება დაცული ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ქართველებო, გვჭირდება სამართლიანი სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლო, კანონის უზენაესობა, თუ გვინდა, რომ ამოვიდეთ მენტალური და ეკონომიკური ჭაობიდან. მითხრეს, არჩევნებზე 80 000 ახალგაზრდა პირველად მივიდაო. 80 000 ჩვენი შვილი პირველად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს, გავატაროთ? ასე არ გამოვა, არამედ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ.

ამ პარლაენტში არავინ არ შევა, რადგან მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს არ უნდა დაიჭირო. თუ გვინდა, მომავალი თაობა ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს, თუ გვინდა, ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიყოთ თავისუფლები, ევროპული ქვეყანა, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება ერთჯერადი აქტი არ არის, თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.