მამუკა ხაზარაძე - სიტყვა „რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან
მამუკა ხაზარაძე - სიტყვა „რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან

„ლელო” კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია”, – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

„სიტყვები – „რევოლუცია” და „გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, რადგან ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც „ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.

დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა.  ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი  მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. „ლელოს” პოზიცია არის უცვლელი და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ვემიჯნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის, იმას არ გავაპროტესტებთ, ან აქციებს და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებზე ვიტყვით უარს, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს” თავმჯდომარემ ოპოზიციის შეკრების მთავარ მიზეზზე, მოპარულ არჩევნებზე ისაუბრა.  ხაზარაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

„ხელახალი არჩევნები არ უნდა გადავდოთ, ისევ ტყუილიში არ უნდა ვიცხოვროთ. „ოცნების” რიტორიკა შეიცვლება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან. აქვე მინდა, მოვიყვანო სერბეთის მაგალითი. მათ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის რაღაც ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, უნდა შევცვალოთ ახლით, თუ ჩვენ ჩვენი ქვეყანა და შვილები გვიყვარს. რადგან მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ განცდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. შეიძლება მარტივ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ, მივედით იმ მომენტამდე, სადაც არის პოლიტიკური უფსკრული და უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს და ქვეყანას.  ბევრს ლაპარაკობენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული პრობლემები. არ მინდა, ეს გახდეს დამატებითი არგუმენტი, რადგან ისიც საკმარისია, რა მდგომარეობაშიც ვართ, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროა ისეთი ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საუბრის დასასრულს „სახალხო ალტერნატიულ პარლამენტზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ფორმულა მისთვის მიუღებელია.

„ჩვენ ეს უკვე ვნახეთ წარსულში და ეს ფორმულა დამაზიანებელი იქნება პროცესისთვის, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ და არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, აუცილებელია ჩატარდეს პლებისციტი, რაც არის ცივილური ფორმულა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ხაზარაძის თქმით, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, სადაც ხალხი გადაწყვეტს, გაიმართოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. და თუ საზოგადოების უმრავლესობა იტყვის არას, ოპოზიცია ამ ვერდიქტს დაემორჩილება და დაელოდება 2024 წლის არჩევნებს.