მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელის ხელშეკრულება არ ანულირებულა, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების და დაველოდოთ მის პოზიციას
მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელის ხელშეკრულება არ ანულირებულა, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების და დაველოდოთ მის პოზიციას

პირველი რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების“ განცხადება იყო მოულოდნელი, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ და იმედია პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს განცხადებას მის პოზიციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებისთვის.

„ჩვენ მას გავაცანით „ლელოს“ პოზიცია და ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს, ვიდრე მისი წევრები და გარანტორები არიან ამ შეთანხმების ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტი შარლ მიშელი და ხელმომწერი პარტიები. ასეთი შეთანხმებები ასე არ ირღვევა, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჰქვია ჩვენ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელშეკრულება არ ანულირებულა, ასეთი ხელშეკრულებების ანულირება ასე არ ხდება, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტს, ის იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების და დაველოდოთ მის პოზიციას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაა.