მამუკა ხაზარაძე - საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ვისარგებლებ იმუნიტეტით
მამუკა ხაზარაძე - საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ვისარგებლებ იმუნიტეტით

შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ უცებ, წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ გაიღვიძეს და 2 ივლისს სასამართლოს განხილვა ჩანიშნეს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იმუნიტეტით სარგებლობას არ აპირებს.

„საეჭვო დამთხვევა მოხდა გუშინ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. წინააღმდეგი წავედი რეგლამენტში იმ ჩანაწერის გაკეთების, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ. როგორც კი, ეს განცხადება გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პოლიტიზებული. ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს. ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, ამ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ და არა იმისთვის, რომ რაიმეს დავემალოთ ან ვინმეს გავურიგდეთ. ამ ქვეყანაში ამ მმართველობას დავასრულებთ და რეალურად ამ შენობიდან დაიწყება ამის გაკეთება. მე ვარ მართალი და ამის შესახებ 20-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზებული საქმე. ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მაგალითი, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს“, – განაცხადა ხაზარაძემ.