მამუკა ხაზარაძე - როცა ვლაპარაკობთ ალტერნატიულ პარლამენტზე, იმას კი არ ვსაუბრობთ, რომ კანონები უნდა მივიღოთ, თუნდაც სახალხო საბჭო დავარქვათ, ორ ახალ წელს, ორ შობას აღვნიშნავთ
ეს ბრძოლა, პირველ რიგში, არის ჩვენი გასაკეთებელი. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა დაფიქრდეს, რომ დღეს ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე არის რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოპოზიციურ ლიდერები ერთმანეთში არ უნდა კამათობდნენ.
„გუშინ ვნახე, მაგალითად, ერთ-ერთ არხზე ორი ოპოზიციური პარტია ერთმანეთს ეკამათებოდა. როგორ შეიძლება, რა არის საკამათო? საკამათო და საომარია „ქართულ ოცნებასთან“, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, და საბრძოლო არის ეს. დღეს სწორედ ის უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რაღაცაში თანხმობა ვერ ნახონ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ძალიან ხმამაღლა, როცა ვლაპარაკობთ ეგრეთ წოდებული, პირობითი სახელით ალტერნატიულ პარლამენტზე, იმას კი არ ვსაუბრობთ, რომ კანონები უნდა მივიღოთ, თუნდაც სახალხო საბჭო დავარქვათ, რაც გინდათ, ის დავარქვათ. არგუმენტებია, რომ ასეთი იყო ძველად, რაღაც კონგრესი. ეს ხალხი არის მილიონზე მეტი ადამიანის მიერ არჩეული და არ შეიძლება, იჯდეს სახლში. ეს ხალხი უნდა იკრიბებოდეს თვეში ორჯერ მაინც და ქუჩაში მდგომ ადამიანებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთიანობას ასხივებდეს. უცხოეთს უნდა ვესაუბრებოდეთ ოპოზიცია და პრეზიდენტი, ერთიან მესიჯბოქსს უნდა ვასხივებდეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს გადაცემის წამყვანმა მიმართა, – „ორი პრეზიდენტი, ორი პარლამენტი, რაღაც ისეთ რეალობაში შევალთ?“ – რაზეც ხაზარაძემ აღნიშნა:
„შესული ვართ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ორ ახალ წელს, ორ შობას აღვნიშნავთ და ახლა ორი პარლამენტი თუ გვექნება … ქუჩაში რომ ადამიანები ვიკრიბებით, ეს ხომ უნდა გადაითარგმნოს რაღაცაში“.