მამუკა ხაზარაძე - პროპორციული არჩევნების გარდა, ოპოზიციასთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია
პროპორციულ არჩევნების საკითხის გარდა, ოპოზიციასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი სხვა კონსულტაცია არ გვქონია, ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, – ასეთი კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ორი ძალის ურთიერთბრალდებებით დაიღალა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ აქტიურად იყო ჩართული ყველა საპროტესტო აქციაში, საზოგადოების პროტესტში, რომელიც ემსახურება პროპორციული არჩევნების დაბრუნებას.
ბადრი ჯაფარიძემ, ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ხელი მოაწერა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პროპორციულ არჩევნების მოთხოვნის დოკუმენტს. ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ სხვადასხვა გემოვნების, პროგრამისა და იდეოლოგიის პარტიებთან ვართ გაერთიანებული მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხში.
რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს, როგორც დავით უსუფაშვილმა თქვა, ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის იმ ამომრჩევლის, ადამიანების პროგრამის, სურვილის გათვალისწინება, რომლებიც დაიღალნენ ამ ბოლო 9+8 წლის ისტორიით, ურთიერთდაპირისპირებით და უპერსპექტივობით. ეს არის სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ქართველი ადამიანები 35 ევროდ გაისტუმრონ სხვა ქვეყნებში და უცხოეთში დაასაქმონ. ახალი პლატფორმა, რომელიც ჩვენ გავხსენით, არის იმის პირველი ნაბიჯი, რომ ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, პროპორციული იქნება ეს, გერმანული მოდელი, თუ დღევანდელი სისტემა“, – განაცხადა ხაზარაძემ.