მამუკა ხაზარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში იმ კინოში მონაწილეობს, რომელიც თვითონვე შევქმენით
მამუკა ხაზარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში იმ კინოში მონაწილეობს, რომელიც თვითონვე შევქმენით

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გაცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ხელახალი არჩევნებია.

ამის შესახებ ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, სად ვიმყოფებით ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და რა პერსპექტივაა, როგორ გამოვიდეთ ყველა ერთად იმ შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური კრიზისული, პანდემიური და საერთოდ კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობიდან. მოცემულობა არის შემდეგი, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული. არის პოლიტიკური კრიზისი შექმილი, ამიტომ აქედან გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ჩატარებული- ცალ-ცალკე რაღაც გზავნილები სხვადასხვა პარტიებთან, იქნება უშედეგო იქედან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ამიტომ, პირადად მე, ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენს ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან გამოსავლის გზების ძიებაზე და არა იმ ყოველდღიურ პიარკამპანიებზე, რომელსაც გვთავაზობს ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელი.

მინდა, გაგახსენოთ ყველას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც თუ კარგად დავუფიქრდებით და ჩვენს გულებში ჩავიხედავთ თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მივხვდებით, რა წერია იქ. გაგიმეორებთ, იქ წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში არის ერთ წრეზე და შესაბამისად, იმ კინოში მონაწილეობს, რა კინოც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ თვითონვე შევქმენით. რა შევქმენით ჩვენ, ჩვენ შევქმენით ყალბი არჩევნები, ჩვენ შევქმენით თვალის დახუჭვა სიცრუეზე და არასდროს არ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.