მამუკა ხაზარაძე - პირადად გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ
მამუკა ხაზარაძე - პირადად გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ

პირადად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია“.

„პირადად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია, რადგან პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება“. ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, 20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაც, ეს ვიგულისხმე. არ გეგონოთ, პიროვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი შეკითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.

რა თქმა უნდა, არც ერთი პირადი საკითხი არ არის. ეს არის ქვეყნის საკითხი, ყველა. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკაა, იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა რეალურად, ვინ როგორ იმოქმედა: სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩემი ამოცანა. მინდა, ხვალინდელ დღეზე ჩემს თანაგუნდელებთან, თქვენთან, ყველასთან ერთად, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან გამოვიყვანოთ. მეტი ინტერესი ნამდვილად არაფერი მაქვს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ცაგერში გახარიას პარტიის წარმომადგენელს „ლელო“ მხარს დაუჭერს „მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს“.

დატოვე კომენტარი