მამუკა ხაზარაძე - პატივს ვცემ ნიკას და მის პოზიციას, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საკითხი ვერ დავიდოდა მარტო მელიას თემაზე
მამუკა ხაზარაძე - პატივს ვცემ ნიკას და მის პოზიციას, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საკითხი ვერ დავიდოდა მარტო მელიას თემაზე

მე პატივს ვცემ ნიკას და მის პიროვნულ პოზიციას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია ბევრ სახელმწიფოებრივ საკითხზე და შესაბამისად, სასამართლო, საარჩევნო რეფორმა და ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მხოლოდ ნიკა მელიას თემაზე.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მოსაძებნია ოქროს შუალედი, სადაც სახელმწიფოებრივ საკითხებს, ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას ერთ საკითხს არ დაუპირისპირებენ.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თვითონ ჩვენი ძალისხმევა, ჩემი პირადი, ბადრის, ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების, იმით არის განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულება დამთავრდეს, მე პატივს ვცემ ნიკას და მის პიროვნულ პოზიციას, გასაგებია, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში. ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ სახელმწიფოებრივ საკითხზე და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი საკითხები, ისეთი როგორიც არის, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და იმ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მარტო ნიკა მელიას თემაზე, რადგან ჩვენ უნდა ვნახოთ ოქროს შუალედი, სადაც სახელმწიფოებრივ საკითხებს, ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას არ დავუპირისპირებთ მარტო ერთ საკითხს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ, მაგრამ ვერანაირად უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ბევრი ადამიანი აკრიტიკებს და ამბობს, ხელი არ უნდა მოგეწერათ, მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, სხვა რა გამოსავალი აქვს ქვეყანას, რომ წინ იაროს?“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.