მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა [ვიდეო]

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

სასამართლო პროცესზე ხაზარაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორი დასკვნით სიტყვას ამბობდა და არა რეპლიკას, რითაც მას უნდა ესარგებლა სხდომაზე. ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„სამი წელია, ბოდავთ და თავი შეიკავეთ. ვის ელაპარაკებით თქვენ ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოთ. ეს არ არის სასამართლო, ბიძინას მონები ხართ“, – მიმართა ხაზარაძემ პროკურორს.

ამასთან, პროკურორმა მამუკა ხაზარაძეს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.