მამუკა ხაზარაძე - მარტო ელექტრონული არჩევნები არაფერს ნიშნავს და შეიძლება, უფრო მეტი საშიშროება მივიღოთ
მამუკა ხაზარაძე - მარტო ელექტრონული არჩევნები არაფერს ნიშნავს და შეიძლება, უფრო მეტი საშიშროება მივიღოთ

​ყველა ეს წინადადება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით არის უკვე ძალიან დაგვიანებული, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მმართველი პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, მარტო ელექტრონული არჩევნები არაფერს ნიშნავს და შეიძლება, უფრო მეტი საშიშროება მივიღოთ.

„მათ ქონდათ იმის დრო და შანსი, ვიდრე ოქმებს გადაასწორებდნენ და ახალ გაყალბებულ ოქმებს შეადგენდნენ, ყველაფერი ეს გამოეძიათ, რაც არ გაკეთეს. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ისეთ ფაქტს, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა, დარღვევების ფაქტზე მაქვს საუბარი, მაგრამ ძალიან კარგად ვიხსენებ იმ არმიღებულ საჩივრებს, რომელიც ოპოზიციამ დასაბუთებულად წარუდგინა იმ დროს ცესკო-ს.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადი ფრაზაა, ამას სჭირდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურა და ვერანაირ გარანტიას ვერ შექმნის იმისათვის, რომ არ იყოს გაყალბება. პირიქით, შეიძლება, უფრო მეტი საშიშროება მივიღოთ. ელექტრონული არჩევნები, თითის ანაბეჭდები, უამრავი სხვა რეგულაცია, მუდმივი ჩანაწერები, ზონის დაცვა, 25 მეტრიდან 100 მეტრამდე გაზრდა და უამრავი კიდევ სხვა დამატებითი ღონისძიებები კი, ბატონო. ეს უკვე კომპლექტში იმუშავებს, მაგრამ მარტო ელექტრონული არჩევნები არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც  ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.