მამუკა ხაზარაძე - რვა წლის განმავლობაში ექვსი პრემიერი გამოცვალეთ, არც ერთმა არ გააგრძელა წინა პრემიერის იდეა, რადგან არ არსებობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროექტი
მამუკა ხაზარაძე - რვა წლის განმავლობაში ექვსი პრემიერი გამოცვალეთ, არც ერთმა არ გააგრძელა წინა პრემიერის იდეა, რადგან არ არსებობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროექტი

ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციებზეა საუბარი. სამწუხაროდ, არჩევნების წინ ასფალტის დაგება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რადგან ეს არის პირდაპირი ჩვენება და მოქრთამვა და იმ ასფალტსაც ვერ აგებთ წესიერად, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ექვსი თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას ბოიკოტის პირობებში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. ექვსი თვე, როცა „ქართულ ოცნებას“, მმართველ ძალას ამისთვის ჰქონდა რვა წელიწადი. არ ვაპირებდი გამოსვლას, ვიფიქრე, მაინც პირველი დღეა და ცოტას შევეგუები, გავიგებ, რა ხდება საერთოდ პარლამენტში და პირველად ვარ 30 წლის მერე, როცა დაქირავებული ვარ და დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის მიერ, ამომრჩევლის მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვარ თქვენთან. მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ყველაზე მთავარი ამ პროცესში, ადამიანი იქნა დავიწყებული, ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც. სად ვიყავით რვა წლის წინ და სად ვართ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი. 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,8 მილიარდი, პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ლარის კურსი ბოლო რვა წელიწადში, 100 პროცენტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ისტორიულ მაქსიმუმზე სოცდახმარებები და რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, უმუშევრობა. რვა წლის განმავლობაში ექვსი პრემიერი გამოცვალეთ და არც ერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული, თუნდაც იდეა და პროექტი, რადგან არ არსებობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროექტი. ასეთი არ არსებობს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული.

„ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციებზეა საუბარი. სამწუხაროდ, არჩევნების წინ ასფალტის დაგება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი ჩვენება და მოქრთამვა და იმ ასფალტსაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი არის გარიგებაში შესული ტენდერების საშუალებით. მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების გამოსვლები და ისე გსაყვედურობენ თქვენ, თითქოს ერთი თვის წინათ, თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. ამ ყველაფერს თუ თავი არ დავანებეთ, არაფერი არ გამოგვივა. მე ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ეს სადღეგრძელოები, რაც მე აქ ვისმინე, რომ ყველაფერი კარგად არის, დამთავრდება დიდი კრახით“, – განაცხადა ხაზარაძე.

დატოვე კომენტარი