მამუკა ხაზარაძე - ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო
ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო, – აცხადებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინტერვიუში, რომელიც ციფრულმა მედიაპლატფორმა The Movement TV-მ გაავრცელა.
მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად არ წასულა.
„ჩვენ არ დავპირდებით ადამიანებს არარეალურ ამბავს. ჩვენ ვეტყვით, სად ვართ, ჩვენ ვეტყვით სიმართლეს, უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, სად ვართ დღეს. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი – უნდა უთხრა, რომ შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო. შენი შვილები რომ ცხოვრობდნენ თავისუფალ, წესიერ და ნორმალურ ქვეყანაში, პირველ რიგში, უნდა დაიწყო სიმართლით, შენს თავთან სიმართლით.
არანაირი შიში არა მაქვს, გულწრფელად გეუბნებით, მე ხომ ამას გათვლილად არ ვაკეთებ, ამ ნაბიჯს იმიტომ არ ვდგამ, რომ ბიზნესი გადავარჩინო – ამის გამო არ კეთდება, ასეთ ნაბიჯებს ვერც გათვლი.
მე მჯერა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს თავთან, ჩემს შვილებთან ვარ მართალი, რადგან ხვალ არ ვიცით, რა გამოწვევა ექნება ჩვენს ქვეყანას და ხვალ შეიძლება, უფრო გვიან ყოფილიყო ჩემი გამოსვლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.