მამუკა ხაზარაძე - იმედია, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთო ენა გამოიძებნება
მამუკა ხაზარაძე - იმედია, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთო ენა გამოიძებნება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთო ენა გამოიძებნება.

მისი თქმით, ოთხი მსოფლიოს წამყვანი ბანკის რვა პუნქტიანი მოთხოვნის შესახებ შეხვედრა შესაძლოა, აპრილში გაიმართოს.

მისი თქმით, პროექტის დაფინანსების სრული პაკეტი უკვე შეკრულია და გასარკვევია მხოლოდ ის საკითხი, რომელიც რვა პუნქტიან მოთხოვნებს უკავშირდება.

„რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია როგორც განვაცხადეთ, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი კრედიტორების, ოთხი მსოფლიოს წამყვანი ბანკის მოთხოვნას რვა პუნქტთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია, ერთი თვის წინ  იყო შეხვედრა და ზუსტად ერთი კვირის წინ, მათ უკვე წერილობითი ფორმით მიაწოდეს საქართველოს მთავრობას აღნიშნული რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. როგორც ვიცი, მთავრობა განიხილავს ამ საკითხებს. ჩვენი ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, საერთო ენა გამოინახება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან განმარტა, რომ ტვირთბრუნვაზე გარანტია კონსორციუმის მოთხოვნა არ არის.

„კონსორციუმის მოთხოვნა ეს არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი 70 მლნ დოლარის ინვესტირება უკვე განვახორციელეთ, ჩვენი ინვესტორების, ამერიკელი პარტნიორების, ასე ვთქვათ, აქციონერების, რომლებმაც ეს კონსორციუმი დააფუძნა, მათი მხრიდან თანხა მობილიზებულია.  საუბარია 400 მლნ დოლარზე უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნა და სწორედ ამ მოთხოვნების განხილვა არის. ეს არ არის ჩვენი კონსორციუმი მოთხოვნა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მოვყევით საკმაოდ დიდ ქარცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. რაც შეეხება ანაკლიას, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პროექტის სამშენებლო პროცესი კონსორციუმს არ შეუჩერებია, გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი.

„სამშენებლო პროცესი, ამას ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გაგვიჩერებია არც ერთი დღით და არც ერთი წამით. პროექტის სამშენებლო პროცესი არ გადადებულა, გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც კიდევ ვიმეორებ, დამოკიდებულია იმ რვა პუნქტის შეთანხმებასთან.  ფინანსური დახურვა ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას, თუ, რა თქმა უნდა, უახლოეს თვეებში ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ამ საკითხზე დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ისაუბრა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და „ჰიუნდაის“ (Hyundai Samo Heavy Industries) შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწო.

მისი თქმით, კონსორციუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება.

„ეს არის სამხრეთ კორეული „ჰიუნდაი“, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის ყველა დანადგარს, რომელიც გვესაჭიროება, ასევე ძალიან დიდი მწარმოებელია გემთმშენებლობაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა, რამეთუ ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, სცდება მხოლოდ პორტის მშენებლობას. ჩვენი მომავალი პარტნიორობა იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ და იმისკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე.