მამუკა ხაზარაძე - იმედია, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს მნიშვნელოვან დოკუმენტს და ქვეყანა მეტი დემოკრატიის გზას დაადგება
მამუკა ხაზარაძე - იმედია, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს მნიშვნელოვან დოკუმენტს და ქვეყანა მეტი დემოკრატიის გზას დაადგება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ბოლო ეტაპია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედია, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უფრო მეტი დემოკრატიის გზას დაადგება. შემდგომი ნაბიჯი გვექნება ყველაზე გადამწყვეტი, რომ არჩევნები სამართლიან და თანასწორუფლებიან სიტუაციაში, გამჭვირვალედ ჩატარდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას.

„ჩვენ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ საკმარისი ხმები, რომ კანონპროექტი იქნას მიღებული“, – დასძინა მამუკა ხაზარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.